ლუქსემბურგში საქართველოს პირველი საპატიო საკონსულო გაიხსნა
2025 წლის 18 ივნისს, ლუქსემბურგში საქართველოს პირველი საპატიო საკონსულოს გახსნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიება ლუქსემბურგში საქართველოს საპატიო კონსულის, პიტერ სოდერმანსის და ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს საელჩოს, ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობის თანაორგანიზებით გაიმართა.
სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას ოფიციალურად წარუდგინა საქართველოს პირველი საპატიო კონსული ლუქსემბურგში - პიტერ სოდერმანსი. გამოსვლაში, ვახტანგ მახარობლიშვილმა საქართველო-ლუქსემბურგის ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ლუქსემბურგში საპატიო საკონსულოს გახსნის მნიშვნელობას, რაც დამატებითი ხელშემწყობი ფაქტორი იქნება ორ ქვეყანას შორის არსებული ბიზნეს კავშირების, კულტურული და ჰუმანიტარული თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად.
პიტერ სოდერმანსმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოსა და ლუქსემბურგს შორის არსებულ კავშირებს გაუსვა ხაზი, ისაუბრა ორი ქვეყნის ბიზნეს და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პოტენციალზე. ამავე კონტექსტში, საპატიო კონსულმა, დამსწრე საზოგადოებას, სამომავლო პროექტებიც გააცნო.
ასევე, ღონისძიების ფარგლებში, ელჩმა და საპატიო კონსულმა ისარგებლეს შემთხვევით და დამსწრე საზოგადოებას მიულოცეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - 26 მაისი და ლუქსემბურგის ეროვნული დღესასწაული, რომელიც 23 ივნისს აღინიშნება.
პიტერ სოდერმანსი წარმატებული ლუქსემბურგელი ბიზნესმენია, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ლუქსემბურგის საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებაში. ამჟამად, იგი საკუთარ საკონსულტაციო კომპანიას - “Direct Engineering sarl” ხელმძღვანელობს, იგი 12 წლის განმავლობაში იკავებდა ლუქსემბურგის მთავრობის საგარეო მრჩევლის თანამდებობას.
ღონისძიებას ხელისუფლების, ლუქსემბურგში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ბიზნეს წრეებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.