ვახტანგ მახარობლიშვილი სლოვენიის მუდმივ წარმომადგენელს, ელჩ იზტოკ იარკს შეხვდა
2023 წლის 28 ნოემბერს, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩი, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, ვახტანგ მახარობლიშვილი შეხვდა ევროკავშირში სლოვენიის მუდმივ წარმომადგენელს, ელჩ იზტოკ იარკს.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში მიღწეულ პროგრესს და სამომავლო ნაბიჯებს. ვახტანგ მახარობლიშვილმა სლოვენიელ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევის შესახებ და გამოთქვა იმედი, რომ მიმდინარე წლის დეკემბერში, ევროპული საბჭო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებას მიიღებს. ამ კონტექსტში, მან ხაზი გაუსვა სლოვენიის მხარდაჭერის მნიშვნელობას.
საუბარი შეეხო, ასევე, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაციას და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს.