ანტვერპენის ქართულმა საბავშვო თეატრმა, საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, სპექტაკლის „ოთარაანთ ქვრივი“ პრემიერა გამართა
2023 წლის 29 ოქტომბერს ბელგიის სამეფოს ქალაქ ანტვერპენში წმინდა ნინოს სახელობის ქართულ ეკლესიასთან არსებულმა საბავშვო თეატრმა „ჩვენ დავბრუნდებით“, საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, სპექტაკლის „ოთარაანთ ქვრივი“ პრემიერა გამართა.
რეჟისორ გეგა ქურციკიძის მიერ დადგმულ თეატრალურ წარმოდგენაში ოთარაანთ ქვრივის როლს თავად საბავშვო თეატრის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, მანანა ხორბალაძე, ასრულებდა. სპექტაკლში მონაწილეობდნენ ქ. ანტვერპენში მოქმედი ბერი გაბრიელის სახელობის საკვირაო სკოლის მოსწავლეები, საქართველოდან მოწვეული პროფესიონალი არტისტები და მოყვარული მსახიობები საფრანგეთიდან და ირლანდიიდან.
სპექტაკლის პრემიერამ წარმატებით ჩაიარა. მაყურებელს შესაძლებლობა ჰქონდა ეხილა ილია ჭავჭავაძის ცნობილი მოთხრობის „ოთარაანთ ქვრივი“ სცენაზე გარდასახვა ანტვერპენის ქართული საბავშვო თეატრის აღსაზრდელების, მოყვარული და პროფესიონალი მსახიობების მონაწილეობით, რაც განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო ბელგიაში მცხოვრები ქართული დიასპორისთვის.
სპექტაკლის პრემიერას ესწრებოდნენ ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩი, ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენელი, ვახტანგ მახარობლიშვილი და ქართველი დიპლომატები; ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი, მეუფე დოსითეოსი და ეპარქიის სასულიერო პირები; ასევე, ბელგიის ქართული დიასპორის წარმომადგენლები.
საქართველოს ელჩმა ანტვერპენის ქართული საბავშვო თეატრისა და საკვირაო სკოლის ხელმძღვანელს, სპექტაკლის რეჟისორს, ორგანიზატორებსა და წარმოდგენის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა ბელგიის სამეფოში ქართული საქმის წარმატებით განხორციელებისთვის.