ელჩმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა მონაწილეობა მიიღო დიალოგში „შეძლებს თუ არა ეკონომიკა და ვაჭრობა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პოლიტიკის გადარჩენას?“
ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა მონაწილეობა მიიღო ევროპული პოლიტიკის ცენტრის მიერ ანალიტიკურ ცენტრ „უკრაინული პრიზმა” და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამოქალაქო საზოგადოების ფორუმთან ერთად, ორგანიზებულ პოლიტიკის დიალოგში „შეძლებს თუ არა ეკონომიკა და ვაჭრობა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პოლიტიკის გადარჩენას?“
პანელზე „სავაჭრო და ეკონომიკური ინტეგრაცია „აღმოსავლეთ პარტნიორობაში“: ახალი ამბიციები კანდიდატების ტრიოსთვის“, საქართველოს ელჩთან ერთად, გამომსვლელები გახლდათ ევროკავშირთან მოლდოვას მისიის ხელმძღვანელი, ელჩი, დანიელა მორარი და ევროკავშირთან უკრაინის მისიის ხელმძღვანელი, ელჩი, ვსევოლოდ ჩენცოვი. პანელს მოდერატორობას უწევდა უკრაინის ეკონომიკური კვლევებისა და პოლიტიკის კონსულტირების ინსტიტუტის აკადემიური დირექტორი, ვერონიკა მოვჩანი.
ღონისძიებაზე აქცენტი ევროკავშირის გაფართოების კონტექსტში შექმნილი ახალი რეალობის გათვალისწინებით, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რეფორმირების საჭიროებასა და ამ კუთხით ვაჭრობისა და ეკონომიკის როლზე გაკეთდა.
ვახტანგ მახარობლიშვილმა ისაუბრა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში საქართველოს მიერ მიღებულ სარგებელზე, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მიმდინარე დინამიკასა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე სამომავლო გეგმებზე. მან ხაზი გაუსვა, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ აქტუალობის შენარჩუნებისთვის, საჭიროა შემოქმედებითი მიდგომა და ასევე, ყურადღება გაამახვილა დაკავშირებადობისა და უსაფრთხოების მიმართულებებზე.