ვახტანგ მახარობლიშვილი სტეფანო სანინოს შეხვდა
2024 წლის 11 იანვარს, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ვახტანგ მახარობლიშვილმა შეხვედრა გამართა ევროპულ საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალურ მდივანთან სტეფანო სანინოსთან.
შეხვედრაზე, სტეფანო სანინომ, ვახტანგ მახარობლიშვილს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მიულოცა. თავის მხრივ, ელჩმა ხაზი გაუსვა ევროპული საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობას და დაუდასტურა გენერალურ მდივანს ქართული მხარის მზაობა განაგრძოს ძალისხმევა ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით. ელჩმა დეტალურად ისაუბრა როგორც ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 პრიორიტეტის შესრულებაზე, ისე ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავების და სხვადასხვა პროგრამაში ინტეგრაციის მნიშვნელობაზე.
შეხვედრაზე ელჩმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების მიმდინარე ოკუპაციასა და საქართველოს მოქალაქეების მკვლელობის ფაქტებზე. მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) როლი საქართველოში მშვიდობის და უსაფრთხოების ხელშეწყობის პროცესში და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მნიშვნელობა.
გენერალური მდივნის განცხადებით, საქართველოს ევროკავშირის მხრიდან მხარდაჭერის გაგრძელების იმედი უნდა ჰქონდეს.