საქართველოს საელჩომ ქართული სტარტაპების დელეგაციას უმასპინძლა
2024 წლის 18 ოქტომბერს, ბელგიის სამეფოში საქართველოს საელჩომ, ბრიუსელში ვიზიტად მყოფ ქართული სტარტაპების დელეგაციას უმასპინძლა. სტარტაპების ვიზიტი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „საქართველოსა და ბელგიას შორის პარტნიორობის გაძლიერება მეწარმეთა დროებითი მობილობის ხელშეწყობით (EMLINK)“ ფარგლებში ხორციელდება, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მიერ.
ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ელჩმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა საქართველოს საელჩოს საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა საქართველოსა და ბელგიას შორის ორმხრივი თანამშრომლობის და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით, ხაზი გაუსვა რა ევროკავშირის კანონმდებლობასთან თანხვედრას და ევროკავშირის ერთიან ბაზართზე ეტაპობრივ ინტეგრაციას.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს საპატიო კონსული ბელგიაში, იანიკ კალანტარიანი, რომელმაც ქართველ მეწარმეებს ადგილობრივი ბიზნეს გარემოს შესახებ ინფორმაცია გაუზიარა და ბელგიურ ბაზარზე დამკვიდრებაში დახმარება აღუთქვა.
„საქართველოსა და ბელგიას შორის პარტნიორობის გაძლიერება მეწარმეთა დროებითი მობილობის ხელშეწყობით (EMLINK)“ პროექტი ბელგიის მთავრობის ინიციატივაა და მიზნად ისახავს ბელგია-საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას წარმატებულ მეწარმეთა დროებითი მობილობის სქემის შემუშავებით. პროექტი ხორციელდება მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მეშვეობით, რომელშიც ჩართული არიან საქართველოს შესაბამისი სამთავრობო უწყებები.