ვახტანგ მახარობლიშვილი ევროკომისიის გენერალური მდივნის მოადგილეს ჯონ ვოთსონს შეხვდა
2024 წლის 13 თებერვალს, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა შეხვედრა გამართა ევროკომისიის გენერალური მდივნის მოადგილე ჯონ ვოთსონთან.
შეხვედრაზე, განხილულ იქნა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, დაკავშირებადობა, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაცია და უსაფრთხოების კუთხით რეგიონში არსებული გამოწვევები.
საქართველოს ელჩმა გენერალური მდივნის მოადგილეს მიაწოდა ინფორმაცია ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ცხრა ნაბიჯის შესრულების მიმდინარეობისა და ამ კუთხით, სამომავლო გეგმების შესახებ. ამასთან, მან ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის ერთიან ბაზარზე საქართველოს ეტაპობრივი ინტეგრაციის, ასევე, ევროკავშირის ჩარჩო-პროგრამებში საქართველოს მონაწილეობის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე.
შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე.