ვახტანგ მახარობლიშვილი შარლ ფრის შეხვდა
2023 წლის 24 ნოემბერს, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა შეხვედრა გამართა მშვიდობის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილესთან შარლ ფრისთან.
შეხვედრაზე, ვახტანგ მახარობლიშვილმა ხაზი გაუსვა ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციის მნიშვნელობას და დაუდასტურა გენერალური მდივნის მოადგილეს ქართული მხარის მზაობა განაგრძოს ძალისხმევა, რათა წლის ბოლოს საქართველომ კიდევ ერთი გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და ოფიციალურად გახდეს ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყანა.
შეხვედრაზე ელჩმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების მიმდინარე ოკუპაციასა და სოფელ კირბალში, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტზე. მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები, საქართველოს კონტრიბუცია ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) მისიებში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) როლი საქართველოში მშვიდობის და უსაფრთხოების ხელშეწყობის პროცესში, საქართველო-ევროკავშირის სტრატეგიული უსაფრთხოების დიალოგი და თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობა.