ქ. ანტვერპენის საკვირაო სკოლისა და ქართული საბავშვო თეატრის 10 წლის საიუბილეო საღამო
2025 წლის 8 ნოემბერს, საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ბელგიის სამეფოს ქალაქ ანტვერპენში, წმინდა ნინოს სახელობის ქართულ ეკლესიასთან არსებული საკვირაო სკოლის და საბავშვო ლიტერატურული თეატრის „ჩვენ დავბრუნდებით“ 10 წლის საიუბილეო საღამო გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო ილია ჭავჭავაძის ცნობილი მოთხრობის „ოთარაანთ ქვრივი“ მიხედვით შექმნილი სატელევიზიო სპექტაკლი, საქართველოდან მოწვეული პროფესიონალი არტისტების, მოყვარული მსახიობებისა და საკვირაო სკოლის მოსწავლეების შესრულებით.
დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა. ელჩმა დიასპორის წარმომადგენლებს, ქ. ანტვერპენის საკვირაო სკოლის 10 წლის იუბილე მიულოცა და მადლიერება გამოხატა საზღვარგარეთ ქართული ენისა და კულტურის შენარჩუნების კუთხით გაწეული მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის.
საიუბილეო საღამოზე, ასევე, გაიმართა ანტვერპენის საკვირაო სკოლის და საბავშვო ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელის, მანანა ხორბალაძის წიგნის - „სამშობლო შენს გულშია“ პრეზენტაცია, რომელიც სკოლისა და თეატრის ათწლიან შემოქმედებას ეძღვნება.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩი, ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენელი, ვახტანგ მახარობლიშვილი და ქართველი დიპლომატები; ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი, მეუფე დოსითეოსი და ეპარქიის სასულიერო პირები; ასევე, ბელგიის ქართული დიასპორის წარმომადგენლები.