საქართველოს საელჩოში ქვეყნის სამეწარმეო გარემოზე საინფორმაციო ღონისძიება გაიმართა
ბელგიის სამეფოში საქართველოს საელჩოში საინფორმაციო ხასიათის ღონისძიება გაიმართა საქართველოს სამეწარმეო გარემოზე. ღონისძიება მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრისა (ICMPD) და საქართველოს საელჩოს თანამშრომლობით შედგა, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „საქართველოსა და ბელგიას შორის პარტნიორობის გაძლიერება მეწარმეთა დროებითი მობილობის ხელშეწყობით (EMLINK)” ფარგლებში.
ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკური და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას პრეზენტაციები წარუდგინეს და მიმოიხილეს ისეთი თემები, როგორიცაა: საქართველოს ეკონომიკური და საინვესტიციო გარემო, ქვეყანაში არსებული სამეწარმეო და სტარტაპ შესაძლებლობები, ბიზნესის კეთების კუთხით საქართველოში მოქმედები ხელსაყრელი პირობები.
საქართველოს საელჩოში გამართულ ღონისძიებას ბელგიური კომპანიების აღმასრულებელი დირექტორები და წარმომადგენლები დაესწრნენ. საქართველოს საინვესტიციო გარემოთი დაინტერესებულ ადგილობრივ კომპანიებთან შეხვედრა ბელგიაში საქართველოს საპატიო კონსულის, იანიკ კალანტარიანის, უშუალო ჩართულობით განხორციელდა.
პროექტი „საქართველოსა და ბელგიას შორის პარტნიორობის გაძლიერება მეწარმეთა დროებითი მობილობის ხელშეწყობით (EMLINK)“ ბელგიის მთავრობის ინიციატივაა და მიზნად ისახავს საქართველოსა და ბელგიის სამეფოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას წარმატებულ მეწარმეთა დროებითი მობილობის სქემის შემუშავებით. პროექტი მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მეშვეობითა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება და მასში ჩართული არიან საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო უწყებები.